დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

სულით მებრძოლები - უცხოური მედია საქართველოში მცხოვრებ "დუხობორებზე“ წერს 24.09.2020 14:27

გერმანული გაზეთის „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ“-ის («Frankfurter Allgemeine Zeitung») 24 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დუხობორები - სულით მებრძოლები“, რომელშიც საქართველოში მცხოვრებ „დუხობორებზე“ - რელიგიური მიმდინარეობის მიმდევრებზეა საუბარი (ავტორი - კატი პეტროვსკა).

 

პუბლიკაციაში გადმოცემულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის - კავკასიის შუაგულში, ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე, სომხეთის საზღვართან მდებარე დასახლებული პუნქტის - მცხოვრებლების მდგომარეობა, მათი ისტორია, მათი დღევანდელი პრობლემები.

 

დუხობორობა“ რუსეთში და უკრაინაში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაისახა. „დუხობორები“ ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფოებრივი ხელისუფლების ყოველგვარ გამოვლინებას - მეფისადმი ერთგულების  არავითარი ფიცი, არანაირი სამხედრო სამსახური, არა გადასახადები... ისინი ქრისტიანულ ეკლესიის იერარქიასაც უარყოფენ. მათი რწმენა ღმერთთან არანაირ მატერიალურ თუ ადამიანურ შუამავლობას არ ითხოვს - არც მღვდელი, არც ხატი, არც ჯვარი... მათთვის დარჩა მხოლოდ ფსალმუნები, მცნებები, მოძღვრებისა და საღვთისმსახურო წესების ზეპირად გადაცემა, ადამიანის სულის ღვთის ნაწილად მიჩნევა...

 

რუსულმა ეკლესიამ მათ მე-19 საუკუნის დასაწყისში დევნა დაუწყო და ამიტომ ისინი  რუსეთის იმპერიის ცენტრალური ნაწილიდან, ქვეყნის განაპირა გუბერნიებში, დაუსახლებელ ადგილებზე დასახლდნენ - მათ შორის ყირიმში და კავკასიაში.

 

დუხობორები მშრომელი ადამიანები არიან, ისინი უძლებენ სიცხეს და სიცივეს, მათთვის ბუნების გამოცდა სულის სიმტკიცეს ნიშნავს. დუხობორებისთვის რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი ერთგვარი მფარველია, რომელმაც პირველმა აღიმაღლა ხმა მათი დაცვის მიზნით და თვითონაც მდიდარი გრაფი უბრალო გლეხად გადაიქცა.

 

სტატიაში გადმოცემულია ისტორიული ფაქტი: როდესაც 1887 წელს რუსეთის იმპერიაში საყოველთაო სამხედრო სამსახური შემოიღეს, კავკასიელმა „დუხობორებმა“ შეაგროვეს იარაღი და დაწვეს. რა თქმა უნდა, იმპერიის ხელისუფლებას ეს არ მოეწონა, მათ კაზაკების ჯარი შეუსია და ბევრი მოკლა, დაჭრა, დააპატიმრა.. ლევ ტოლსტოიმ კი, როცა მან ეს ამბავი გაიგო, მთელი თავისი ჰონორარი, რომელიც მან რომანების „აღდგომის“, „ანა კარენინას“ და „ომი და მშვიდობის“ გამოცემით მიიღო, შვიდი ათასი „დუხობორის“ კანადაში გაგზავნას მოახმარა. სხვათა შორის, გორელოვკაში ახლაც ამბობენ, რომ მათი სკოლა „ლევ ტოლსტოის ფულით არის აშენებული“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.faz.net/aktuell/feuilleton/katja-petrowskaja-ueber-die-ethnisch-religioese-sekte-der-duchoboren-im-kaukasus-16939932.html

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები