დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

უცხოური პრესა - ევროპა იმ ბიუროკრატიის ფასს იხდის, რომლისგანაც დიდი ბრიტანეთი მარჯვედ გათავისუფლდა 04.12.2020 15:53

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური BBC russian») ყურადღებას უთმობს ლონდონის გადაწყვეტილებას კორონავირუსის ვაქცინაციის ცალმხრივი დაწყების თაობაზე და აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის ამ ნაბიჯმა გერმანიასთან დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.


პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისა და ბრექსიტის მომხრეების აზრით, ევროპული ბიუროკრატიისაგან გათავისუფლებამ დიდ ბრიტანეთს იმის შესაძლებლობა მისცა, რომ საკუთარი მოქალაქეების ვაქცინაცია უფრო სწრაფად დაეწყო. ევროკავშირში კი ამბობენ, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მიმართული აცრების ჩატარებისას სიჩქარე მთავარი არ არის.


აი, როგორი განცხადება გააკეთა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა «Times Radio»-ს ეთერში: „ბრექსიტმა შესაძლებლობა მოგვცა სხვებისაგან დამოუკიდებლად, მხოლოდ ბრიტანული რეგულატორის - მსოფლიოს კლასის რეგულატორის - დასკვნების საფუძველზე სწრაფად მიგვეღო გადაწყვეტილება [ვაქცინაციის დაწყებაზე]. ჩვენ უარი ვთქვით ევროპელთა სიჩქარეზე, ისინი ძალიან დაყოვნებულად მოქმედებენ“.


ბრიტანელ მინისტრს თავისმა გერმანელმა კოლეგამ იენს შპანმა განაწყენებით უპასუხა: „აზრი პირველობაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ პანდემიის დროს საკუთარი მოქალაქეები უსაფრთხო, ეფექტური და სანდო ვაქცინით იყვნენ უზრუნველყოფილნი“.


გაზეთი „გარდიან“-ში The Guardian») გამოქვეყნებული სტატიის თანახმად (სათაურით „აცრები მომავალ კვირაში დაიწყება“), ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წამლების ევროპულ სააგენტოსთან ფორმალური კოორდინაცია მხოლოდ პირველ იანვრამდე უნდა ჰქონდეს, ანუ ბრექსიტის გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვადებს წინ გაუსწრო.


სხვათა შორის, მინისტრ მეთ ჰენკოკის განცხადება ბრიტანულ მასმედიაში მოწონებით სარგებლობს. მაგალითად, გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ («The Daily Telegraph»), რომელიც კონსერვატორებისადმი სიმპათიით გამოირჩევა, სტატიაში სათაურით „ევროპა იხდის იმ ბიუროკრატიის ფასს, რომლისგანაც დიდი ბრიტანეთი მარჯვედ გათავისუფლდა“, წერს: „ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ბიუროკრატიული ბარიერების გამო ევროპის კონტინენტზე კორონავირუსს დიდი ზიანის მიყენება შეუძლია, [დიდი ბრიტანეთი კი, რომელიც ევროკავშირისაგან თავისუფლდება], ამ გართულებებს თავიდან აიცილებს. ელვისებური ვაქცინაციით ქვეყანა კორონავისრუსის პანდემიის მესამე ტალღას და ეკონომიკურ კრიზისს უკეთესად გაუმკლავდება, ევროპას კი არ გაუმართლა“.


წყაროები:

https://www.bbc.com/russian/news-55168382

https://www.theguardian.com/world/2020/dec/02/covid-vaccinations-will-begin-next-week-says-boris-johnson

https://www.telegraph.co.uk/business/2020/12/02/europe-will-pay-high-price-vaccine-bureaucracy-nimble-britain/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები