დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

უცხოური პრესა - სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის საიდუმლო 27.10.2020 11:32

რუსულ ყოველდღიურ გაზეთ „მოსკოვსკიი კომსმოლეც“-ში («Московский комсомолец») გამოქვეყნებულია ინტერვიუ ქართველ პოლიტოლოგ პეტრე მამრაძესთან სათაურით „სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის საიდუმლო // ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხალხს ერთად ძარცვავენ“, რომელშიც იგი ჟურნალისტ მარინა პერევოზკინასთან საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შუქ-ჩრდილებზე საუბრობს.


როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, ამჟამინდელი საპარლამენტო არჩევნების მთავარი თავისებურება ისაა, რომ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, შეუძლია მესამე ვადით დარჩეს ხელისუფლებაში. ასეთი შედეგი ჯერ არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ ჰქონია - არც შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირს“ და არც სააკაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“.


გარდა ამისა, როგორც პეტრე მამრაძე მიუთითებს, დღეს ქართულ პოლიტიკაში, ფული ისეთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, როგორც არასდროს. არ არის არცერთი პარტია, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლისას ფინანსური ინტერესი არ ჰქონდეს. არცერთ მათგანს არ აინტერესებს თავიანთი პროგრამები ქვეყნის კეთილდღეობისათვის განახორციელოს. მათი მიზანია პარლამენტში მოხვედრა და საკუთარი მატერიალური ინტერესების წინა პლანზე დაყენება.


პეტრე მამრაძე საუბრობს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ შელახულ ავტორიტეტზე ქართველ ამომრჩევლებში:


„პირველი - როცა 2012 წელს „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობდა, მოსახლეობას სჯეროდა, რომ მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, ისევე ააყვავებდა საქართველოს, როგორც საკუთარ სოფელს, მაგრამ იმედგაცრულებული დარჩა, დაპირებები არ შესრულდა. თავიდანვე გასაგები იყო, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით „ჭორვილისებური სამოთხის“ შექმნა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ხალხი მაინც ილუზიებში იყო. მეორე იმედგაცრუება იმაში გამოიხატა, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილის პარტიის მთავრობამ ჯეროვნად არ დასაჯა მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის წევრები, რომლებმაც სისხლიანი დანაშაულებები ჩაიდინეს. დიახ, მათ დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ თავისი ეკონომიკური პოზიციები შეინარჩუნეს და დღესაც უზრუნველად ცხოვრობენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეკონომიკურ ინტერესებში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან გარიგდნენ და ხალხის ძარცვით მიღებულ მატერიალურ დოვლათს ერთმანეთში იყოფენ. ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ვინ უფრო უკეთესია? მაგრამ ცუდი ისაა, რომ ყველა დანარჩენი უარესია“, - ამბობს პეტრე მამრაძე.


პოლიტოლოგი დადებითად აფასებს ბიძინა ივანიშვილის მეცენატურ საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირველ ეტაპზე და აღნიშნავს, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის რეფორმების უკან მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ფული ტრიალებდა. „ეს სრულიად უნიკალური სიტუაცია იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, როცა ქვეყნის უმდიდრეს ადამიანს საქართველოში არანაირი შემოსავლები არ ჰქონდა, მაგრამ უცხოეთში მიღებული თავისი შემოსავლების უდიდეს ნაწილს მაინც საქართველოს ახმარდა. „დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულით „ნაციონალებმა“ ხელი კარგად მოითბეს, არადა ახლა მას კრემლის აგენტად მოიხსენიებენ“.


როგორც პეტრე მამრაძე თვლის, „ნაციონალების“ მმართველობის დროს აყვავდა ელიტური კორუფცია. დღეს მიხეილ სააკაშვილი, მისი ოჯახის წევრები, აგრეთვე გიგა ბოკერია, მისი ცოლი და სხვა პარტიული ლიდერები მილიონერები არიან. გიგი უგულავა, თბილისის მერი, რომელმაც ასობით მილიონი მოიპარა, ლას-ვეგასში იჯდა და იქ ფანტავდა ხალხის ფულს. ამერიკული მასმედიისათვის მიცემულ ინტერვიუებში კი ამბობდა, რომ აქ იმიტომ ჩამოვედი, კარგი ნაგავმზიდი მანქანა უნდა შევარჩიო თბილისისთვისო.


კითხვაზე, „რატომ არ დაისაჯნენ ქვეყნის გაძარცვისათვის ნაციონალები, განა მათ ამერიკელები მფარველობდნენ“, პეტრე მამრაძე ამბობს: „არა, ამერიკელები მიხეილ სააკაშვილს არ მფარველობდნენ... როცა იგი საქართველოდან გაქქცა, აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული ობიექტები რუსულ კომპანიებისთვის იყო გადაცემული... როცა საქართველოს რუსეთთან ომი ჰქონდა და სააკაშვილი ვითომ რუსეთს აგინებდა, ბიძამისი თემურ ალასანია და ბენდუქიძე ჩუმად რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდნენ.


- აბა, მაშინ რატომ მისცეს მიხეილ სააკაშვილს ქვეყნიდან წასვლის შესაძლებლობა და რატომ მოექცნენ ლოიალურად მის თანამოაზრეებს?


- ბიძინა ივანიშვილმა თავდაპირველად ძალიან ეკლეკტური გუნდი შექმნა, რომელშიც ბევრი ყოფილი „ნაციონალი“ აღმოჩნდა. ისინი მას არწმუნებდნენ - „მიხეილ სააკაშვილს ხელი არ უნდა ახლო, თორემ დასავლეთს ეწყინებაო“. არადა, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა წერილი გამოგზავნა, რომლის თანახმად, წინა რეჟიმის დროს დანაშაულის ჩამდენები აუცილებლად უნდა დასჯილიყვნენ... ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანია. საკადრო საკითხებში იგი არაადექვატურია. მას თანამდებობზე ისეთი ადამიანების დანიშვნა შეუძლია, რომ ხალხი გაკვირვებული რჩება.


- მაგრამ მაინც ყველა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის უკან ამერიკელები დგანან. თქვენი აზრით, ისინი არასწორად ფიქრობენ?


- მიხეილ სააკაშვილს ამერიკელები თავდაპირველად მხარს არ უჭერდნენ. მე ორჯერ ვესაუბრე ჯეიმს ბეიკერს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს. აშშ-ის ელჩი რიცარდ მაილსმა ოპოზიციას ასე განუცხადა: „არცევნების შედეგების გაპროტესტება თქვენი საქმეა, მაგრამ თუ ედურად სევარდნაძეზე ზეწოლას განახორციელებთ იმ მიზნით, რომ იგი ვადაზე ადრე წავიდეს თანამდებობიდან, მაშინ ეს ანტიკოსტიტუციური ქმედება იქნება. „კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, - უთხრა მათ ელჩმა, - თქვენ უფრო ცუდად დაასრულებთ მმართველობას, ვიდრე შევარდნაძე, თუ იგი ახლა პოსტიდან გადგება“.


რიჩარდ მაილსი ჩემი კარგი ნაცნობია. მას „ფერადი რევოლუციების“ რეჟისორობას მიაწერენ, მაგრამ სინამდვილეში მაილსს მიხეილ სააკაშვილი არაფრად ეპიტნავებოდა. სხვათა შორის, მე ჩემს წიგნში ჯორჯ ბუშ-უმცროსის სიტყვები მაქვს სიტყვა-სიტყვით, როცა მან ნიკოლა სარკოზის უთხრა 2008 წელს: „ფრთხილად იყავი, სანამ თბილისში ჩახვალ, იქ უკვე შეიძლება რუსული ტანკები იყვნენ. ამ იდიოტმა [სააკაშვილმა] მაინც დაიწყო ომი“. აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ამერიკელებს.


- აბა, ვინ იდგა მიხეილ სააკაშვილის უკან?


- მისი დაფინანსება ქართველმა საქმოსანმა მილიონერებმა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყეს. მე მათ პირადად ვიცნობ. ამ პიროვნებებს შევარდნაძის მმართველობის დროს „საკვებურთან“ ახლოს არ უშვებდნენ, რადგან პრეზიდენტის ნათესაობას ჰქონდა ხელში ჩაგდებული. მართალია, თვითონ პირადად ედუარდ შევარდნაძეს კორუფციასთან შეხება არ ჰქონდა, მაგრამ მის ირგვლივ საშინელება ტრიალებდა.. ჰოდა, უკმაყოფილო ბიზნესმენთა ნაწილი შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ ფსონი მიხეილ სააკაშვილზე დაედოთ. ჯერ ვითომ ზურაბ ჟვანიაზე ფიქრობდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ იგი ვერ გაქაჩავდა. შემდეგ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, დაელაპარაკნენ და ის დათანხმდა, რომ მათ მიერ დასახულ მიზნებს შეასრულებდა. ასე ფინანსდებოდა იგი ყოველგვარი ამერიკის გარეშე. მე ყველაფერი ვიცი - ვინ მისცა მიხეილ სააკაშვილს პირველი 20 ათასი დოლარი და შემდეგ ვინ ჩაერთო...


ასე იყო მუდამ საქართველოში: ელიტა ყველაფერს წყვეტს. ასე იყო 1990-იან წლებში, როცა თენგიზ კიტოვანს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ „წითელი დირექტორები“ - საბჭოთა ქარხნების ხელმძღვანელები დაეხმარნენ. მე იმ დროს პარლამენტში ვიყავი და მათი გარჩევები მესმოდა - „ერთი ამბობს, მე „ცხიმკომბინატიდან“ ამდენი ფული დავდე... მეორე აწყვეტინებს - ჩემზე მეტი „ელმავალმშენებლიდან“ არავის დაუდია“ და ასე შემდეგ. ყველას კორუფციული შემოსავლები ჰქონდა, ჩრდილოვანი ეკონომიკა ყვაოდა. სწორედ იქიდან ფინანსდებოდა კიტოვანი და მისი მომხრეები, რომლებმაც საქართველოს ბედი გადაწყვიტეს“.


წყარო: https://www.mk.ru/politics/2020/10/26/denezhnuyu-taynu-prikhoda-saakashvili-k-vlasti-raskryl-gruzinskiy-politik.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები