დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

უცხოური პრესა - შეიძლება კავკასიაში ახალი ომი დაიწყოს 04.12.2020 15:48

„ქვემეხების გრიალი აღარ ისმის: რუსმა მშვიდობისმყოფლებმა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელები და სომხები გააშველეს. რუსები ხელყოფისაგან ძველ მონასტრებსაც იცავენ. მალე ამუშავდება საერთაშორისო დამკვირვებელთა ერთობლივი რუსულ-თურქული ცენტრი.  ეუთოს მინსკის ჯგუფის ამერიკელი და ფრანგი დიპლომატები მოლაპარაკების პროცესის  „გადატვირთვას“ ცდილობენ... ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ომი დასრულდა...“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში, რომელიც ამერიკულ გამოცემაში - „ნეიშენელ ინთერესთ“-ში («The National Interest») გამოქვეყნდა სათაურით „მთიანი ყარაბაღი: შეიძლება კავკასიაში ახალი ომი დაიწყოს“ (ავტორი - მაიკლ რუბინი).


„დიახ, შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ომი დასრულდა, მაგრამ დასავლელი დიპლომატები ფხიზლად უნდა იყვნენ: ლაჩინის დერეფნის მუშაობის პირობები ჯერ კიდევ ბოლომდე გარკვეული არ არის - მარშრუტი ისევ სახიფათოა, მშვიდობიან მოსახლეობას სნაიპერების ტყვია ემუქრებათ, მათ იტაცებენ და ატყვევებენ - მიუხედავად იმისა, რომ იქ რუსი მშვიდობისმყოფლები დგანან.


როგორც სამმხრივ შეთანხმებაში ჩაწერილი, აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომია ქვეყნის ძირითად ნაწილს უნდა დაუკავშირდეს, ანუ საავტომობილი და სარკინიგზო მოძრაობა უნდა აღდგეს. მაგრამ ამ საკითხში არსებობს პრობლემა, რომელიც ახალი მარშრუტის სტატუსს ეხება. საქმე იმაშია, რომ ნახიჩევანის ტერიტორია აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისაგან სომხეთის [მეგრის რაიონით] არის გამოყოფილი. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით სომხეთს ეს ტერიტორია ჩამოეჭრას: აშკარაა, რომ თურქეთი აქტიურად ისარგებლებს „მეგრის დერეფნით“ აზერბაიჯანთან (და შუა აზიასთან) ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მიზნით. აქედან გამომდინარე, დერეფანში თურქეთის დომინირება იქნება. თუ ტვირთების გადაზიდვა ნორმალურად განხორციელდება, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ახალი მარშრუტი გარკვეული საფრთხის შემცველია. მაგალითად, თუ თურქ მძღოლს ვინმე სნაიპერი ესვრის, პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი სომხეთს დაადანაშაულებს და მოითხოვს ბუფერული ზონის შექმნას.


რეჯეფ ერდოღანი მსგავსი ხრიკებით რამდენჯერმე დაეუფლა ახალ ტერიტორიებს - „ტერორიზმთან ბრძოლის“ საბაბით და არაა გამორიცხული, რომ იგი [მეგრის დერეფანთანაც] მიმართებით იგივე ტაქტიკას გამოიყენებს. ასეთი ხერხით ჩაიგდეს თურქებმა ხელში სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც მოსახლეობას თურქულ პირადობის მოწმობებს ურიგებენ, იქმნება თურქული ინფრასტრუქტურა.


თუ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკა ქურთების მიმართ სიძულვილით არის გამოწვეული, მაშინ მისი ამჟამინდელი მოქმედება სომხებისა და ქრისტიანობის არაფრად ჩაგდება, მათი უგულვებელყოფა იქნება. შემთხვევითი არაა, რომ თურქეთში [ბევრი პოლიტიკოსი] თურქულ-აზერბაიჯანულ შეტევას მთიან ყარაბაღზე ასი წლის წინანდელ ისტორიულ მოვლენებს უკავშირებს: 1920 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თურქეთი სომხეთში შეიჭრა და ტერიტორიებს დაეუფლა.


უნდა ვივარაუდოთ, რომ სომხეთის მთავრობა (ოპოზიციის ჩათვლით) თურქეთის მსგავს ულტიმატუმს არ დაეთანხმება და ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს ბუფერულ ზონად არ გამოაცხადებს. მაგრამ სომხეთის არმია თურქეთის წინააღმდეგობას ვერ გაუწევს - ვერც სამხედრო ტექნიკის დონით და ვერც რიცხოვნობით. სომხეთის ერთადერთი იმედი ისევ რუსეთი შეიძლება იყოს, მაგრამ რეჯეფ ერდოღანის თავდაჯერებულმა ნაბიჯებმა გვაჩვენა, რომ ზოგჯერ იგი რუსეთის ინტერესებს ანუნშიც არ აგდებს.


როგორია აშშ-ის დამოკიდებულება ამ საკითხებთან? ისე ჩანს, რომ როცა სხვა ქვეყნები ჭადრაკს თამაშობენ, ამერიკა შაშის თამაშით არის გართული. სიტუაცია კი მოითხოვს, რომ ვაშინგტონს, პარიზს და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებს, ერთი ნაბიჯის გადადგმის დროს, წინასწარ უკვე რამდენიმე სვლა უნდა ჰქონდეთ მოფიქრებული. მათ უნდა განჭვრიტონ კავკასიაში მომდევნო ომის შესაძლებლობა და მის თავიდან აცილებას შეეცადნონ. ცხადია, დიპლომატები პოზიტიურად აფასებენ ქვემეხების დადუმებას, მაგრამ ნათქვამია - „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო“. წარსულში მომხდარი პრეცედენტები და მიმდინარე მოვლენები მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა დღევანდელი „მშვიდი“ სიტუაცია მტკიცე მშვიდობის დადგომას კი არა, პირიქით - ახალ ქარიშხალს მოასწავებს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


წყარო: https://nationalinterest.org/blog/buzz/nagorno-karabakh-could-be-how-next-caucasus-war-begins-173697

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები