დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

უცხური პრესა - ევროპულმა სასამართლომ რუსეთსა და საქართველოს განმარტებების შესაძლებლობა მისცა 22.01.2021 15:47

რუსულ გაზეთ „კომერსანტ“-ის («КоммерсантЪ») 22 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ევროპულმა სასამართლომ რუსეთს და საქართველოს განმარტებების შესაძლებლობა მისცა“, რომელშიც გადმოცემულია როგორც თვით ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დადგენილება 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით, ასევე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, იურისტების განმარტება-კომენტარები.

 

პუბლიკაციაში ციტირებულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, ასევე სამართალდამცველი ცენტრის „მემორიალის“ ექსპერტის, იურისტ ტატიანა გლუშკოვას კომენტარი, რომლის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებას გარკვეული ნაკლი აქვს: „დასკვნა, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის ზონაში იურისდიქცია არც რუსეთს და არც რომელიმე სახელმწიფო არ ჰქონდა, ეს ისტორიული ხასიათს ატარებს, თუმცა იმავდროულად კონფლიქტის მსხვერპლთ კონვენციის მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას უსპობს“.

 

სასამართლოს დადგენილების ისტორიულ ხასიათს ხაზს უსვამს აგრეთვე რუსული სამეცნიერო იურიდიული ჟურნალის „ევროსასამართლოს ბიულეტენის“ მთავარი რედაქტორი იური ბერესტნევიც. მისი თქმით, „დადგენილებას მნიშვნელოვანი პრეცედენტული როლის შესრულება შეუძლია რიგი სარჩელების განხილვის დროს, რომლებიც ყარაბაღის, ჩრდილოეთ კვიპროსის, დნესტრისპირეთის და სხვა კონფლიქტებს უკავშირდება“. რაც შეეხება თვით დადგენილებას, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ „პლუსებისა და მინუსების ბალანსი შერეულია, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც საქართველოს სასარგებლოდ არის გადახრილი. ამავე დროს რუსეთისათვის პლუსი ის არის, რომ შეიძლებოდა დადგენილება უფრო უარესი ყოფილიყო. მასში ჩაწერილია, რომ 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა  სასამართლოს იურისდიქციაში არ შედის, რაც რუსეთისათვის დიდ პლუსს წარმოადგენს“.

 

სტატიაში მოცემულია აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე პუნქტის“ იურისტის ნიკოლოზ ლეგაშვილის კომენტარები.

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4654951#id1176623

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge ნინო ოთარაშვილი

ბოლო სიახლეები