დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ფოლადაურის ხეობაში, სოფელ ზემო ბოლნისთან ახლოს გამოვლენილია ადრექრისტიანული პერიოდის სტელები, დარბაზული ეკლესიის ნანგრევი და გვიანი შუა საუკუნეების საფლავის ქვები 27.06.2020 21:49

 

ნინო მიქიაშვილის რეპორტაჟი ფოლადაურის ხეობიდან 


გუშინ, 2020 წლის 26 ივნისს, რაც ფოლადაურის ხეობაში ვნახე და რაც მოვისმინე, იმაზე დაყრდნობით ვწერ ჩემს შთაბეჭდილებებს, პატარა რეპორტაჟის სახით, რომელსაც ბოდიშით ვასრულებ. ბოლნისის რაიონში, ფოლადაურის ხეობაში, სოფელ ზემო ბოლნისთან ახლოს გამოვლენილი სიძველეების წინასწარი შესწავლის მიზნით ექსპედიციაში იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურიდან ხელოვნებათმცოდნეები - აკაკი რეხვიაშვილი და სალომე გოგოლაური. ამ ეტაპზე მათი წინასწარული დასკვნა ასეთია - გამოვლენილია ადრექრისტიანული პერიოდის სტელები; დარბაზული ეკლესიის ნანგრევი და მდიდრულად დეკორირებული გვიანი შუა საუკუნეებისა და მეცხრამეტე საუკუნის საფლავის ქვები. ფოლადაურის ხეობაში მისვლამდე ელიას მთაზე, პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის ეზოში გახლდით, სადაც ახლადგამოვლენილი სიძველეების მცირე ნაწილი, მათი უკეთ დაცვის მიზნით ადგილობრივებმა გადაიტანეს. ელიას მთიდან ფოლადაურის ხეობაში წავედით და ექვსი საათი იყო დაწყებული იქიდან თბილისისკენ, რომ გამოვემართეთ.

 

ხელოვნებათმცოდნეებმა ძალიან გულიანად და დაუზარლად იმუშავეს. ჩანდა, რომ თავიანთი საქმე უყვართ და მოვალეობის მოხდის მიზნით არ იყვნენ გუშინ წამოსულები ფოლადაურის ხეობაში. დარწმუნებული ვარ ამაში დამეთანხმებიან ლევან ქუქჩიშვილი და ბატონი გია (მისი გვარი არ ვიცი, ლევანის მეგობარია, ბოლნისელი). ფოლადაურის ხეობაში ჩვენთან ერთად გარკვეული პერიოდი იყო ელნურ აჰმედლი, ვინც ამ სიძელეების შესახებ ლევან ქუქჩიშვილს შეატყობინა. იქ იყო "იმედის კვირის" გადამღები ჯგუფიც. გამოვლენილი სტელების, საფლავის ქვებისა და დარბაზული ეკლესიის ნანგრევის გარდა საფლავებიდან ოდნავ მოშორებით ვიპოვეთ მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტი (სამი ფერით). წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მწვანე ქვაზე ამოკვეთილმა მრგვალი ფორმის გამოსახულებამ, დიდი თვალებით. ოქროს მაძიებლებს დაახლოებით სამოცდაათი საინტიმეტრის რადიუსის ორმო ამოუთხრიათ, თითქმის ერთი მეტრის სიღრმეზე. აი, იმ ორმოს კიდეზე დავინახე ნუშისებრი ფორმის დიდთვალება გამოსახულება (მას შემდეგ ეს კადრი სულ თვალწინ მაქვს).

 

აკაკი რეხვიაშვილმა გამოვლენილ სიძველეს გარკვეულ მონაკვეთზე მიწა ჩამოაცილა, გაასუფთავა და აღმოჩნდა ღვინის ჭურჭლით, წიგნით (პირობითაც ასე ვუწოდეთ) და ქართული წარწერით მორთული საფლავის ქვა. ეს ქვა თითქმის მთლიანად მიწაში იყო ჩამარხული. გუშინ მისი მცირე ნაწილი გამოჩნდა და როცა მთლიანად გაიწმინდება, შესაძლოა უფრო მეტი რამ გამოვლიდნეს. იქვე ახლოს ვიპოვეთ თაღებიანი ქვის ფრაგმენტები, შროშანებით, რომელიც აღმოჩნდა ამ საფლავის ქვის ნაწილი. ელიას მთაზე ადრექრისტიანულ სტელებთან ერთად რომ მწვანე ქვა გადაიტანა ლევან ქუქჩიშვილმა, (რომელზეც მე ვვარაუდობდი, რომ იყო ქრისტეს საფლავის მოდელი), ისიც ამ საფლავის ქვის ნაწილი ყოფილა. აქვე, ფეისბუქზე, როცა ვარაუდი გამოვთქვი, ღრმად დარწმუნებული არ ვიყავი და იქვე დავწერე, ბოდიშს მოვიხდი თუ შევცდები-მეთქი და ბოდიშს ვიხდი.

 

ჩემს ვარაუდს იმთავითვე არ დაეთანხმა ბოლნისელი ახალგაზრდა, თსუ-ს მესამე კურსის სტუდენტი მარიამ პაპიაშვილი. მან თავისი აზრი პირად ფოსტაში მომწერა და მითხრა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო საფლავის ქვის ნაწილი. მარიამის ვარაუდი სწორი აღმოჩნდა. ალბათ, გახსოვთ წარჩინებული ქალბატონის საფლავის ქვა, გოფრირებული კაბით და თავზე გვრიგვინით. ისიც გეხსომებათ, რომ საფლავის ქვას ქვედა ნაწილი ჩამოტეხილი ჰქონდა. გუშინ ბოლნისიდან ბატონმა გიამ (გვარი არ ვიცი) იპოვა ამ სიძველის შუა ნაწილი. ქვედა (რომელზეც ფეხები ჩანს) ნაწილი მანამდე ლევან ქუქჩიშვილმა ნახა. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო. ალბათ, არასდროს დამავიწყდება. ვიდეომასალას უახლოეს დღეებში დავამონტაჟებ.

 

რა ბედი ეწევა იქაურობას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რა გადაწყვეტილებას მიიიღებს, ეს ალბათ, უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ამბავს პერიოდულად მოვიკითხავ და თქვენც გაცნობებთ.

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები