დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ფოტოგრაფ ჯესი ლოსარიას საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებები 16.05.2022 13:11

არაბთა გაერთიანებული საემიროების ინგლისურენოვან გაზეთ «Gulf News»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გავისეირნოთ საქართველოს ქუჩებში ფოტოსურათების მეშვეობით“ (ავტორი - მანუელ ალმარიო, გაზეთის ახალი ამბების რედაქტორი), რომელშიც გადმოცემულია მისი ფილიპინელი მეგობრის, ფოტოგრაფ ჯესი ლოსარიას საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებები. სტატია უხვად არის ილუსტრირებული ფოტოსურათებით.

 

„გასული წლის დეკემბერში ჯესი ლოსარიამ გარკვეული ყოყმანით დაჯავშნა ბილეთი „ერ-რიად - თბილისის“ ავიარეისზე: „ისეთი დრო იყო, რომ ომიკრონი ვრცელდებოდა, მე კი PCR- ტესტების ჩატარებას საშინლად ვერ ვიტანდი“, - მითხრა მან, - ცხვირში ტესტის პროცედურას რომ წარმოვიდგენ, ტანზე მბურძგლავს... მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მივიღე. მინდოდა თოვლი ჩემს თავზე გამომეცადა, ამიტომაც წავედი „ჯორჯიაში“ - საქართველოში - სწორედ ასე ჰქვია ქართულ ენაზე ამ ქვეყანას“.

 

ჯესის მეგობრები გაოცებულები იყვნენ: „სად, ჯორჯიაში? აშშ-ის შტატში? - მეკითხებოდნენ ისინი. „არა-მეთქი“, ვპასუხობდი მათ და ვუყვებოდი კავკასიაში მდებარე ტრანსკონტინენტურ (ევრაზიულ) ქვეყანაზე, რომელიც გეოგრაფიულად ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, თურქეთის გვერდით. „უპირატესობა? უპირატესობა იმაშია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეებისათვის ვიზა საჭირო არ არის, ხოლო ერთი კვირით საქართველოში ყოფნით დიდ სიმდიდრეს შეიძენთ“, - ვამბობდი.

 

„იმ მომენტიდან, როცა მე ფეხი დავადგი საქართველოს მიწას, როცა თბილისის ქვაფენილიან მიხვეულ-მოხვეულ ქუჩაში გავიარე, მე ეს ქალაქი შემიყვარდა. თბილისი არ ჰგავს ცათამბჯენებით და ციფრული რეკლამებით გატენილ ერ-რიადს და დუბაის, მასში ჩანს ის ხიბლი, რომელიც მხოლოდ თბილისს ახასიათებს: საბჭოური არქიტექტურის მქონე შენობები საოცარი სახით მეზობლობს წინა საუკუნეების აივნებიან სახლებთან, უძველეს ტაძარ-ეკლესიებთან, გუმბათიან აბანოებთან, მიმზიდველი დიზაინის მქონე კაფე-ბარებთან... სწრაფად გიჩნდება სურვილი, რომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ასობით სელფი გადაიღო“, - ასეა აღწერილი თბილისი ჯესი ლოსარიას შთაბეჭდილებებში.

 

„პირველ დღეს, გიდთან ერთად, კოლოსალური ძეგლი „საქართველოს ქრონიკები“ მოვინახულე. 30-35 მეტრის სიმაღლის მქონე კოლონებთან, რომლებზეც საქართველოს ისტორიაა გამოსახული, თავი ჭიანჭველად ვიგრძენი. მონოლითურმა ძეგლმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გაოცებისაგან ყბა ჩამომივარდა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიაში გადმოცემულია მცხეთის ღირსშესანიშნაობები, ჯვრის მონასტერში ყოფნა („საკვირველია, როგორც გაუძლო ამ არქიტექტურულმა საოცრებამ დროისა და სტიქიის გავლენას. ტაძარი ისევ ინახავს თავდაპირველ სიდიადეს და სილამაზეს. აქედან გადაიხედავ და თავბრუდამხვევი პეიზაჟი იშლება, სადაც არაგვი და მტკვარი ერთმანეთს უერთდება... ვნახეთ სვეტიცხოველიც, მნიშვნელობით მეორე ტაძარი საქართველოში, რომელიც იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი... პირველი დღე იმით დამთავრდა, რომ თბილისში ნავით მტკვარზე გავისეირნე, მშვიდობის ხიდი ვნახე, ავედი ნარიყალაზე, სადაც 20-მეტრიანი ძეგლია, „ქართლის დედად“ წოდებული“.

 

ჯესი ლოსარია ემოციურად გადმოსცემს გუდაურში ყოფნას და იქაურ თოვლიან პეიზაჟს: „აი, ისიც - თოვლი! მანქანიდან გადმოვედი და თოვლზე დავდექი, ხელში ავიღე ფუმფულა გაყინული კრისტალების გუნდა, რომელიც რაღაცით ფილიპინურ „ჰალოს“ მაგონებს... ველოდებოდი, რომ ითოვებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი ფიფქიც არ გადმოვარდნილა. და მაინც ისეთი დრო გავატარე, იმდენი ვიარე თოვლმავალით, საბაგირო გზებით, რომ მგონი, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია“.

 

ჯესი ლასარია ჰყვება სტეფანწმინდაში ყოფნის შთაბეჭდილებებსაც, გერგეტის სამების ეკლესიის ბრწყინვალებას მყინვარწვერის ფონზე. 

 

„საქართველოდან წამოსვლისას დავნაღვლიანდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამ საოცარ ქვეყანას ზაფხულშიც ვწვეოდი, რათა ვნახო როგორ გამოიყურება მწვანე ტყეებით შემოსილი და თოვლ-ყინულოვანი ბუმბერაზი კავკასიის მთები.. ისევ ვნახო ათასწლოვანი ძეგლები, მათი ამშენებელი სტუმართმოყვარე ხალხი, ისევ დავაგემოვნო ქართული საჭმელები... აი, ის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც საქართველო თქვენი მოგზაურობის შემდეგი პუნქტი უნდა იყოს“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები