დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წმინდა მიწაზე საფრთხე ემუქრება - ლაშა ჟვანია 14.06.2021 15:18

ისრაელის გაზეთ «The Times of Israel»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს ელჩის გაფრთხილება: „ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება“ (ავტორი - ლაზარ ბერმანი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

„ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წმინდა მიწაზე საფრთხე ემუქრება“, - აცხადებს ლაშა ჟვანია, საქართველოს ელჩი ისრაელში. საქმე იმაშია, რომ საქართველოს, პატარა მცირემოსახლეობიან ქვეყანას კავკასიის მთებში დიდ და ძლიერ მეზობლებს - თურქეთსა და რუსეთს შორის, ისრაელთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ისტორია აქვს, რაც ბევრისთვის შეიძლება მოულოდნელიც იყოს. მართლაცდა, იერუსალიმი ცნობილია თავისი კათოლიკური, ბერძნული მართმადიდებლური და სომხური წმინდა სალოცავებით, მაგრამ დღეს მთელ ისრაელში არცერთი ქართული ეკლესია არ არსებობს.

 

მაგრამ ფაქტია, რომ ასწლეულების განმავლობაში ქართველებს წმინდა მიწასთან აქტიური კავშირები ჰქონდათ და უფრო მეტიც, იყო დრო, როცა ისინი დომინირებდნენ კიდეც. ქართველმა ბერებმა და დიდებულებმა აქ ათობით ეკლესია ააგეს და ამით ქრისტიანობის წმინდა ადგილები შემონახული იქნა. საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების დასუსტება, ბუნებრივია, წმინდა მიწაზე არსებულ ქართულ სალოცავებზეც ახდენდა გავლენას. დადგა დრო, როცა ქართული ეკლესია-მონასტრები სხვა უფრო ძლიერი რელიგიური საზოგადოებების ხელში აღმოჩნდა, შესაბამისად, ვანდალურად წაიშალა ქართული წარწერები და ფრესკები, რაც, შეიძლება ითქვას, დღემდე გრძელდება“ - აღნიშნულია პუბლიკაციაში, რომელშიც ელჩთან საუბარია გადმოცემული - ქართველებისა და ებრაელების ისტორიულ კავშირებზე („პირველი ებრაელები კავკასიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 586 წელს გამოჩნდნენ, შემდეგ კი მათი იმიგრაცია გაფართოვდა. ერთ-ერთი ვერსიით, ებრაელებმა მცხეთაში ქრისტეს პერანგი ჩამოიტანეს, რომელიც მას ჯვარცმის დროს ემოსა და დღეს ის სვეტიცხოველში ინახება“), საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაზე, პალესტინაში ქართული კულტურის ძეგლების მშენებლობაზე, პირველი ქართველი ბერების საქმიანობაზე...

 

„წმინდა მიწა ქართული ცივილიზაციის აკვანი გახდა. იერუსალიმთან ახლოს ნაპოვნი იქნა ყველაზე ძველი ქართული წარწერები. პალესტინაშია აღმოჩენილი წარწერაც, სადაც პირველად იქნა ნახმარი ეთნონიმი „ქართველი“, ანუ მთელი ასი წლით ადრე, ვიდრე ამას საქართველოში ნაპოვნი წყაროები მოწმობენ.

 

იერუსალიმში ქართული ყოფნის „გულს“ ჯვრის მონასტერი წარმოადგენდა, რომელიც დღეს ისრაელის მუზეუმსა და ქნესეთს შორის მდებარეობს. ქართული ვერსიის მიხედვით, მეფე მირიანმა მეოთხე საუკუნეში აქ მიწა იყიდა, რომელზეც პირველი ქართული მონასტერი აშენდა (თუმცა ბერძნები ირწმუნებიან, რომ ეს მათი ეკლესია იყო). ასევე ამბობენ, რომ ჯვრის მონასტერში ქართველი დიდი პოეტი შოთა რუსთაველია დაკრძალული. 

 

დროთა განმავლობაში ქართველები წმინდა მიწაზე უკვე 40-მდე ეკლესია-მონასტერს ფლობდნენ, მათგან ათი მხოლოდ იერუსალიმში იყო. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იმდენად ძლიერი იყო, რომ მე-14-ე საუკუნეში ქრისტეს საფლავის ტაძარსაც კი ფლობდა. [ქართული ეკლესიას ბიზანტიის ეკლესიასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა]. 1453 წლიდან კი, მუსლიმანი ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის, ანუ მართლმადიდებელი ბიზანტიის აღსასრულის შემდეგ, ქართველებმა მფარველები დაკარგეს. ისინი იძულებულნი გახდნენ ვალების გამო ჯვრის მონასტერი ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მიეყიდათ... რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად კი, როცა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა და ის რუსულ ეკლესიას დაექვემდებარა, წმინდა მიწაზე ქართველების ოფიციალური ყოფნა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა.

 

ისრაელში არსებული ჯვრის მონასტრის სტატუსი ქართული სამღვდელოებისა და დიპლომატებისათვის ყოველთვის აქტუალურ საკითხად რჩება, მათ შორის საქართველოს დრევანდელი ელჩისთვისაც. ჯერ კიდევ 1987 წელს საქართველოს პატრიარქმა იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს წერილი გაუგზავნა ქართული ეკლესიის დაბრუნების მიზნით. დღემდე პასუხი არ არის გაცემული. ლაშა ჟვანიას თქმით, „სანამ ყოველი ქართველის გული სცემს, მანამ წმინდა მიწაზე მდებარე ქართული მონასტრის დაბრუნების სურვილი არ გაქრება“.

 

სტატიაში საუბარია იმ ვანდალურ ფაქტებზე, რომელიც ისრაელში ქართული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ხდებოდა - მაგალითად, ქართული წარწერების ბერძნულით შეცვლა და როგორ დააზიანეს შოთა რუსთაველის  ფრესკა ჯვრის მონასტერში 2004 წელს, იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის წინ.

 

როგორც ელჩი აღნიშნავს, ბოლო წლებში ისრაელის ხელისუფლებამ ქართული კულტურის ობიექტების დაცვა გააუმჯობესა. დღეისათვის ისრაელში დაახლოებით 17 ათასი ქართველი ქრისტიანი ცხოვრობს, ძირითადად შერეული ოჯახებისა და დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების სახით, მაგრამ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ქართულ ენაზე ილოცონ - ისრაელში დღეს არცერთი ქართული ეკლესია არ არსებობს. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ სიტუაცია დადებითად შეიცვლება.

 

პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ისრაელ-საქართველოს ტურისტულ კავშირების წარსულს, აწმყოსა და მომავალს. მართალია, კორონავირუსის პანდემიის გამო გასულ წელს ებრაელი ტურისტების ნაკადი ძალზე შემცირდა, მაგრამ მიმდინარე წელს ამ დარგში გამოცოცხლება შეინიშნება - აპრილში საქართველოს უკვე 12 ათასი ებრაელი ტურისტი ეწვია. ამას ხელს უწყობს პოლიტიკური სიტუაციაც - თურქეთთან ურთიერთობის გაუარესებასთან დაკავშირებით ებრაელი მოგზაურები საქართველოს ირჩევენ. თავის მხრივ, ქართველებიც ხშირად ჩადიოდნენ სალოცავად ისრაელში კორონავირუსამდე: „ჩვენ წმინდა მიწის მიმართ მრავალი საუკუნის მანძილზე განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს“, - ამბობს ელჩი.

 

ავტორი წერს აგრეთვე იმ ებრაელების საქმიანობაზე, რომლებიც საქართველოდან ისრაელში დაბრუნდნენ (მაგალითად, მიხეილ მირილაშვილი). ასევე პუბლიკაციაში საუბარია საქართველო-ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. „ისრაელმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაამყარეს. ისრაელი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მისი საზღვრების ურღვევობას. ისრაელი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან სამხედრო სფეროში: თბილისში მუშაობს ებრაული კომპანიის Elbit Systems-ის ქარხანა, რომელშიც ათეულობით ქართველია დასაქმებული. ქართული არმია ისრაელის წარმოების შეიარაღებას იყენებს. ხდება  ტანკებისა და დრონების მოდერნიზება. 2018 წელს ისრაელმა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტერორიზმთან ბრძოლასა და კიბერუსაფთხოების შესახებ.

 

საქართველო, რუსეთის მეზობელი ქვეყანა, პროდასავლურ პოლიტიკას აგრძელებს. ქართველი მშვიდობისმყოფლები ამერიკელებთან ერთად მსახურობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს საიმედო და მცოდნე მოკავშირედ ითვლება. იგი თბილისში ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდშია ნამყოფი და აქტიურად გამოდის საქართველოსადმი დახმარების მიზნით: „ჯო ბაიდენი ჩვენი ერთ-ერთი დიდი მოკავშირეა“, - ამბობს ლაშა ჟვანია, - მან ძალიან კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს საქართველო აშშ-სათვის“.

სტატის დასასრულს, ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველ ელჩი თავისუფლად ლაპარაკობს ივრითზე, მას დედა ებრაელი ჰყავს, მამა კი ქრისტიანია. „ჩემი კავშირები ისრაელთან მტკიცეა. მე ქართველი ვარ, ებრაული ფესვებით, რომლის მოჭრა შეუძლებელია“, - ამბობს ლაშა ჟვანია.

 

წყარო

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები