დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ჩილი: მასობრივი აცრების მიუხედავად, ეპიდემია კონტროლიდან გამოვიდა 13.04.2021 14:37

ფრანგული გაზეთი „ლე მონდე“ («Le Monde») კორონავირუსის პანდემიის თემაზე შემაშფოთებელ სტატიას აქვეყნებს სათაურით „ჩილი: მასობრივი ვაქცინაციის მიუხედავად, ეპიდემია კონტროლიდან გამოვიდა“. პუბლიკაციაში მიმოხილულია ის სიტუაცია, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით შეიქმნა ლათინურამერიკულ ქვეყანაში (ავტორი - ფლორა ჟენუ).

 

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

 

„რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩილი „მედლებს აგროვებდა“: პირველი ქვეყანა ლათინურ ამერიკაში, რომელმაც მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაცია განახორციელა - 19-მა მილიონმა მცხოვრებმა ვაქცინის 7 მილიონი დოზა მიიღო. ჩილი გახდა მსოფლიოს მესამე ქვეყანა ისრაელისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, სადაც მოსახლეობის 37% ერთი დოზით მაინც აიცრა. უფრო მეტიც - ვაქცინაციის გრაფიკი ჩილეში ისეთი იყო, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას შეშურდებოდათ: მიმდინარე კვირაში უკვე 50-წლიანების აცრა უნდა დაწყებულიყო. „ეს დიდი გამარჯვებაა“, - იკვეხნიდა ჯანდაცვის მინისტრი ენრიკე პერისი, - შეიძლება ვიამაყოთ...“.  მინისტრს მხარს უბამდა ქვეყნის პრეზიდენტი სებასტიან პინერაც: „მასობრივი ვაქცინაცია ჩვენ ახლობლებს გადაგვირჩენს, ვინც გვიყვარს და პატივს ვცემთ“, - აცხადებდა ქვეყნის მეთაური, როცა ქვეყანაში ჩინური ვაქცინით - Sinovac-ით აცრები დაიწყო.

 

მაგრამ იმ დიდი იმედების მიუხედავად, რომელიც მოსახლეობას საკმაოდ ეფექტური რეკლამით ჰქონდა განმტკიცებული, ქვეყანა მწარე სინამდვილის წინაშე აღმოჩნდა: გასული კვირის ბოლოს  დაინფიცირების 8195 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უპრეცედენტო რაოდენობას წარმოადგენს. ამ რიცხვმა მოსახლეობას 2020 წლის სამხრეთული შემოდგომა გაახსენა, როცა საავადმყოფოებში ტევა აღარ იყო. რეანიმაციული განყოფილებები ახლაც გადავსებულია: დაკავებულია საწოლების 98%.

 

ეპიდემია კონტროლიდან გამოვიდა: ვირუსი უფრო სწრაფი ტემპით მრავლდება, ვიდრე ეს პიკის დროს - 2020 წლის ივნისში იყო. „ზედმეტად თავდაჯერებულმა განცხადებებმა ხალხს ის აზრი ჩაუნერგა, რომ ვაქცინით აცრა ჯანმრთელობის გარანტიაა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ძალიან გახშირდა ანტიკოვიდური წესების დარღვევები“, - ამბობს ეპიდემიოლოგი გაბრიელ კავადა.

 

ვირუსის გავრცელებას ვერ ვაჩერებთ. ჩვენთან ახლა  იგივე სიტუაციაა, როგორიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იყო ზამთარში, როცა „კოვიდ-19“-ისთვის ხელსაყრელი სიტუაცია იქმნება“, - აცხადებს მიგელ რაიანი, სანტიაგოს უნივერსიტეტის კლინიკის ინფექციური დაავადებების განყოფილების სპეციალისტი. ჩილის მსგავსად, მეზობელი არგენტინა და ურუგვაიც აღმოჩნდნენ ვირუსის უეცარი აფეთქების წინაშე: „წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლის, ვაქცინები სხვადასხვაა, ამიტომ არ ღირს ჩილის ვაქცინაციის ეფექტის შედარება ისრაელის ვაქცინაციის ეფექტთან“, - ხაზს უსვამს ინფექციური დაავადებების სპეციალისტი.

 

როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, ერთი აცრის ეფექტი ძალიან დაბალი აღმოჩნდა - მხოლოდ 3%, ორი აცრის - 56%. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ორჯერ მხოლოდ მოსახლეობის ერთ მეოთხედზე ნაკლებია აცრილი.

 

ამასთან, ვაქცინაცია მირაჟი არ არის: ვაქცინით აცრებმა პოზიტიური შედეგი გამოიღო. „ხანდაზმული ადამიანების სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის დონე მკვეთრად დაეცა, ახლა უფრო მეტად 50-70 წლის ადამიანები ავადმყოფობენ, რომლებსაც ვაქცინაციის გრაფიკი ჯერ არ დაუსრულებიათ“, - ხაზს უსვამს გაბრიელ კავადა.

 

ზოგიერთმა ექსპერტმა კორონავირუსის ჩილიურ მუტაციაზეც დაიწყო ლაპარაკი, თუმცა ჯერ კონკრეტულად არაფერი არაა დადგენილი. „თუმცა ისიც აშკარაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დააგვიანა ბრაზილიასთან ავიამიმოსვლის შეჩერება“, - ამბობს ეპიდემიოლოგი და აღნიშნავს, რომ ბრაზილიაში მომხდარი სანიტარული კატასტროფა მთელ რეგიონზე ახდენს ნეგატიურ გავლენას.

 

„კონტროლი შესუსტდა და ჯარიმების რაოდენობამაც იკლო“, - მიუთითებს მიგელ რაიანი. ამავე დროს იგი ლაპარაკობს იმაზეც, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის დაღლაც ამკრძალავი ზომებით და ისიც, რომ ჩილის საზოგადოება საკმაოდ ღრმა სოციალური უთანასწორობაა შეიმჩნევა, პოლიტიკური ელიტისადმი მოსახლეობის რწმენა შესუსტდა.

 

თუმცა ექსპერტები მაინც იმედოვნებენ, რომ ახალი შემზღუდავი ზომები და ვაქცინაციის დაჩქარება თავის პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს: აპრილის ბოლოს ჯერ დასნებოვნების რაოდენობა შემცირდება, შემდეგ კი რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლთა დაკავების დონეც დაიკლებს. მთავრობას იმედი აქვს, რომ 30 ივნისამდე უკვე მოსახლეობის 80% იქნება აცრილი“.

 

წყარო: https://www.lemonde.fr/planete/article/2021/04/11/au-chili-l-epidemie-est-hors-de-controle-malgre-une-vaccination-massive_6076368_3244.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები