დღე: 29

ღამე: 14

USD 2.6849

EUR 2.8804

ძლიერი ქალური "დასაწყისი“: ფესტივალის ოთხი ჯილდო ერთმა ფილმმა მიიღო 28.09.2020 17:32

რუსული გაზეთის „კომერსანტ“-ის («КоммерсантЪ») დღევანდელ, 28 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია//რეცენზია სათაურით „ძლიერი ქალური „დასაწყისი“: ფესტივალის ოთხი ჯილდო ერთმა ფილმმა მიიღო“, რომელშიც საუბარია ქართული კინოს წარმატებაზე ქალაქ სან-სებასტიანის (ესპანეთი) კინოფესტივალზე (ავტორი - ანდრეი პლახოვი).

„სან-სებასტიანის კინოფესტივალი მხოლოდ ერთი ფილმის ტრიუმფით დასრულდა, რომელსაც „დასაწყისი“ ჰქვია. მისი ავტორია ქართველი რეჟისორი ქალი დეა კულუმბეგაშვილი, რომლის სრულმეტრაჟიანი კინოდებიუტი ერთდროულად ოთხი ჯილდოთი აღინიშნა, მთავარი პრიზის - „ოქროს ნიჟარის“ ჩათვლით. ასეთი რადიკალური ჟესტი ფესტივალის ჟიურის მხრიდან არასოდეს არ მომხდარა“, - აღნიშნავს ავტორი.

 

კინოსურათი ფესტივალზე კიდევ სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა. დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი; ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი; დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი. „ჟიურის თავმჯდომარემ ლუკა გუადანინომ ქართული ფილმს „შედევრი“ უწოდა, რაც ესოდენ იშვიათია ჩვენს დროში. დეა კულუიმბეგაშვილი საქართველოშია დაბადებული, სწავლობდა აშშ-ში, თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმებით მონაწილეობდა კანის კინოფესტივალში. მან ეს სრულმეტრაჟიანი ფილმი ფრანგებთან ერთად გადაიღო... თუმცა „დასაწყისი“ ასპროცენტიანი ქართული ფილმია, რომელშიც გადმოცემულია ქართული ტრადიციები, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული. იმავდროულად ფილმს თანამედროვე აქტუალური კონტექსტიც აქვს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

ფილმის შინაარსი: გმირი ქალი საქართველოს მიყრუებულ პროვინციაში ცხოვრობს და რადგან იგი „იეღოვას მოწმეების“ ლიდერზეა გათხოვილი, ამიტომ მართლმადიდებლებისაგან ტერორს განიცდის. თუმცა „თვით „იეღოვას მოწმეთა“ საზოგადოებაშიც ქალი დაჩაგრული და უუფლებოა - სექტის პრინციპი მამაკაცის დომინირებაა და ამაში დაეჭვება წარმოუდგენელია. ფილმის გმირი ადგილობრივ პოლიციელს ხვდება, მათი ურთიერთობა ღრმავდება და ბოლოს სექსუალურ და სოციალურ ძალადობაში გადადის.

 

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4508972

 

მოამზადა სიმონ კილაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები