დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

“თუ ვაქცინა არ გვექნება, კორონავირუსი ცირკულაციას გააგრძელებს სხვადასხვა ფორმით” - რა რისკებს შეიცავს საზღვრების გახსნა 10.07.2020 16:34

“რისკები არსებობს, მაგრამ ეს რისკები იქნება მანამ, სანამ იქნება კორონავირუსი”, - ასე ეხმიანება საქართველოს მიერ 5 ქვეყანასთან საზღვრების გახნას და ტურისტული მიმოსვლის აღდგენას “რეზონანსთან” საუბრისას ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, რომლის თქმით, ქვეყანაში ტურისტების შემოშვება გარკვეულწილად რისკის შემცველია, მაგრამ აუცილებელია აღდგეს ტურიზმი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ახლა საქართველოში ამისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უპირობოდ ევროკავშირის 5 სახელმწიფოსთვის გაიხნა. თავის მხრივ, საფრანგეთი, გერმანია, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთიც საქართველოს მოქალაქეებს უპირობოდ მიიღებენ. რაც შეეხება მოგზაურობიდან დაბრუნებულ ქართველებს, მათთვის ორ კვირიანი კარანტინი სავალდებულო იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თუ ვაქცინა არ გვექნება, კორონავირუსი ცირკულაციას გააგრძელებს სხვადასხვა ფორმით” - რა რისკებს შეიცავს საზღვრების გახსნა.


“საზღვრები იხსნება იმ ქვეყნებთან, სადაც ამ ეტაპზე სტაბილური ეპიდსიტუაციაა. ზუსტად არ ვიცნობ ამ რეგულაციას, მაგრამ მე როგორც ვიცი, იქ ნახულობენ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორიას. თუ სად იმოგზაურა ამ პერიოდში იმ ადამიანმა, ვისაც სურს საქართველოში ჩამოსვლა. თან მხოლოდ საჰაერო საზღვარი იხსნება და არა სახმელეთოც. ამიტომ, თუ ადამიანები თავისი ქვეყნიდან, სადაც დაბალი გავრცელებაა, გამოფრინდებიან საქართველოში და შემდეგ აქ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და მათ არ ექნებათ არანაირი დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები თეორიულად, რა თქმა უნდა, რისკის შემცველები არიან. მაგრამ, ეს რისკი არის ძალიან დაბალი. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ნელ-ნელა უნდა მოხდეს ტურისტული ხიდების ისევ აღდგენა და უნდა დავიწყოთ იმ ქვეყნებთან სადაც მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემოა, უნდა დავიწყოთ მიმოსვლა და ტურისტული გზები უნდა აღდგეს. ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

 

“რისკები არსებობს, მაგრამ ეს რისკები იქნება მანამ, სანამ იქნება კორონავირუსი. თუ ჩვენ ვაქცინა არ გვექნება კორონავირუსული ინფექცია ცირკულაციას გააგრძელებს სხვადასხვა ფორმით, ხან უფრო აგრესიულად ხან ნაკლებად. ამიტომ, ჩვენ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და სულ ასე ჩაკეტილი ვერ ვიქნებით. კარგი დროა ახლა ჩვენს ქვეყანაში ამისთვის, კარგი ეპიდსიტუაციაა, და ნელ-ნელა შესაძლებელია, რომ გარკვეული სიფრთხილით აღვადგინოთ სხვადასხვა ტურისტული მიმოსვლები და სხვა ღონისძიებები. ჩვენ ჩვენი შიდა რეგულაცია გვაქვს, მაგრამ ტურისტს იგივე რეგულაციას ვერ შესთავაზებ, რასაც შენ მოქალაქეს. ის ადამიანები ხომ ვერ ჩამოვლენ თვეობთ, ჩამოდიან ორი კვირით, ჩვენ თუ მათ კარანტინში გავაჩერებთ, ფაქტობრივად, არავინ არ ჩამოვა საქართველოში. ამიტომ არის ეს შედარებით მსუბუქი დამოკიდებულება ტურისტებისადმი, რომელიც ცოტათი რისკებს ზრდის, მაგრამ გამოწვეულია, იმით, რომ ტურიზმი სპეციფიკური სფეროა”, - განმარტავს რესპონდენტი.

 

“ჩვენი მოქალაქე როდესაც ბრუნდება ქვეყანაში, კი მისთვის დისკომფორტულია, მაგრამ ორი კვირა კარანტინში რჩება იმიტომ, რომ რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. თუმცა, ტურისტს იგივენაირად ვერ მოექცევი, ორი კვირით თუ გააჩერე, ფაქტიურად ნიშნავს, რომ ვერ აღადგენ ტურისტულ სეზონს, იმიტომ რომ ორ კვირაზე დიდი ხნით ტურისტი იშვიათად ჩამოდის. სწრაფი ტესტი შედეგს იძლევა, დაავადების განვითარებიდან 4-5 დღეში. ამიტომ, სწრაფი ტესტით ვირუსი როდესაც მისი პირველი დღეები ან ინკუბაციის პერიოდია, ვერ დადგინდება. სწრაფი ტესტი რეალურად არ მოგცემს არანაირ მნიშვნელოვან შედეგს. უფრო მნიშვნელოვანია თერმოსკრინინგი და კლინიკურად შეფასება. ხო არ აქვს ადამიანს, იმ მომენტში როდესაც საქართველოში ჩამოდის გარკვეული სიმპტომები. ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი, მოგეხსენებათ, არის ტემპერატურა. თუ მომატებული ტემპერატურა დაფიქსირდა, შემდეგ უკვე ჩაუტარდებათ მათ PCR კვლევა, დააკვირდებიან და იმის მიხედვით გადაწყდება შემდეგ მათი ბედი. ამიტომ სწრაფი ტესტი არ დაგვეხმარება დიდად. იმიტომ, რომ ის დაავადების განვითარებიდან რამდენიმე დღეშია დადებითი და არაა დაავადების დაწყების პირველ დღეებში”, - დასძენს გოგინავა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები