დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

“უკვე ერთმანეთს ეჩხუბებიან, მიდით, ტესტი გაიკეთეთო...”- რა ხდება მუშევანში 01.06.2020 15:16

“ზოგიერთი ტესტის აღებას ემალებოდა, ზოგიერთი არ მოვიდა და ახლა ძალიან ბევრს ავუღეთ. ახლა ერთმანეთში ჩხუბი აქვთ - რატომ არ მიდიხარ, შენი გულისთვის ჩაკეტილები ვართ და ვერსად ვერ გავდივართო. ახლა იძულებული არიან, რომ ყველა მოვიდნენ”, - ასე აღწერს “რეზონანსთან” საუბრისას ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანში შექმნილ ვითარებას სოფლის რწმუნებული რობიზონ სელიმაშვილი. 31 მაისის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 18 შემთხვევა სწორედ ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანს უკავშირდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა ხდება სოფელში, რომელიც დღეს “აფეთქდა” - უკვე ერთმანეთს ეჩხუბებიან, მიდით, ტესტი გაიკეთეთო...


“მუშევანის რწმუნებული ამბობს, რომ სოფელში ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსზე ტესტის გაკეთებას თავს არიდებდა, რამაც, მისი თქმით, სოფლის იზოლაცია გაახანგრძლივა და თავად სოფლის მოსახლეობის გაბრაზებაც გამოიწვია. “დაფიქსირებული შემთხვევების ყველას ვინაობა და სახელი გვარი არ ვიცი, მაგრამ ამის გარდა წუხელ წავიყვანეთ 14 და ახლა კიდევ სამია წასაყვანი. ექიმების მოსვლას ველოდები. 17 იყო და შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ კიდევ ერთი დაემატაო. ინფიცირების წყარო ვინ იყო არ ვიცი, ეს ჩვენმა ჯანდაცვის სფერომ იცის. მე უბრალოდ სოფელში სად ვინ ცხოვრობს, იმათ ბინებს ვაჩვენებ. ექიმები თვითონ შედიან ხოლმე და თვითონ უყურებენ სიტუაციას. შემთხვევების მატების გამო ხალხში პანიკა არაა, პირიქით - თვითონვე მოდიან და ესინჯებიან და უნდათ, რომ ყველა გაესინჯოს. ადრე ცოტა ერიდებოდათ და ეშინოდათ, მაგრამ ახლა უკვე თავისით მოდიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რობიზონ სელიმაშვილი.

 

“რეკომენდაციებს და ჰიგიენის ნორმებს სოფელში უმეტესობა იცავს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ყველა ოჯახი ვერ იცავს - მათ ცხვარი ჰყავთ, ძროხა ჰყავთ, შედიან მათ სადგომში, გამოდიან... მათ როგორ უნდა დაიცვან - დადიან მინდორში, ყანაში. სოფელში ეპიდემიის დაწყებიდან ე.წ. ბირჟები და შეკრებები იყო, მაგრამ ახლა ასეთი რაღაცეები მოისპო, აღარაა. ოჯახებში, ერთმანეთში მისვლა-მოსვლაც აკრძალეს. თვითონაც მიხვდნენ უკვე, რომ არ შეიძლება. ამაზე რამდენი ელაპარაკეს, რომ უკვე გაიგეს ყველაფერი და ძალიან ფრთხილობენ. ზოგიერთი ტესტის აღებას ემალებოდა, ზოგიერთი არ მოვიდა და ახლა ძალიან ბევრს ავუღეთ. ახლა ერთმანეთში ჩხუბი აქვთ - რატომ არ მიდიხარ, შენი გულისთვის ჩაკეტილები ვართ და ვერსად ვერ გავდივართო. ახლა იძულებულები არიან, რომ ყველა მოვიდნენ. ჯერ გუშინ ღამე რომ წავიყვანეთ 14 ადამიანი, ლამის ერთიმეორეში იჩხუბეს - რომ რატომ არ მოდიხართ, რომ ეს ყველაფერი მორჩესო. თვითონვე აგვარებენ უკვე, თვითონვე იციან უკვე ვინ სად ცხოვრობს, ვინ აიღო ტესტი და ვინ - არა”, - დასძენს რწმუნებული და შეკითხვაზე - “იყო თუ არა 18 შემთხვევის გამოვლენა მასობრივი ტესტირებების შედეგი?” - პასუხობს:

„დიახ. აბა, ისე ვინ რა იცის, ვინ როგორ იყო”.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები