დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ქართველო ხალხო, დღეს თქვენ დიდი ამბავი უნდა გახაროთ - ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უძვირფასესი ფოტოკოლექცია შეიძინა“ 03.06.2020 22:13

ლევან თაქთაქიშვილის პოსტი:

 

„ქართველო ხალხო, დღეს თქვენ დიდი ამბავი უნდა გახაროთ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უძვირფასესი ფოტოკოლექცია შეიძინა. 2800 უნიკალური ფოტო. ეს არაა ის ფოტოები, რომლებიც შეიძლება ნახოთ ინტერნეტში, უმეტესი მათგანი დღემდე არცერთ მუზეუმში არ იყო დაცული, ისინი საუკეთესოდაა შემონახული და ბევრი მათგანი საქართველოს კულტურის ისტორიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. აი ერთერთი მათგანი. ელდორადოს ბაღის რესტორანი იმ დროს, როცა ფიროსმანი ლე დანტიუს და ძმებ ზდანევიჩებს ჯერ არ უნახავთ და მისი ტილოები ელდორადოს ბაღში რესტორნის აივანზე არის გამოფენილი. მათ არ აქვთ ჩარჩო და ფირისმანს ამ სურათების გარშემო ჩარჩოც დაუხატავს. აი, რა ვიცოდით აქამდე:

 


"1915 წელს თბილისში ჩამოსულმა კირილე ზდანევიჩმა ნახატების შეგროვება განაგრძო. დაადგინა, რომ ორთაჭალაში, ელდორადოს ბაღში იყო ბევრი ნამუშევარი. ზდანევიჩი ეჭვმა შეიპყრო, რომ ნამუშევრები განადგურებული იქნებოდა, რადგან ცოტა ხნის წინ ეს ადგილები დაარბიეს. მაგრამ ელდორადოში შესვლისთანავე გულზე მოეშვა. აივანზევე დაინახა ლეგენდარული “ჟირაფი” და “ორთაჭალის ტურფა”. მასპინძელმა კიდევ რამდენიმე ნახატი მიჰყიდა ზდანევიჩს იაფად, მათ შორის იყო “შავი ლომი”. კირილეს დიდი შრომა დასჭირდა, რომ ნახატები მრავალი წლის ჭუჭყისა და მტვრისაგან გაეწმინდა".
ამ სურათების წაღების შემდეგ კედლები შეუთეთრებიათ. წარმოგიდგენთ ორ ფოტოს: სურათებით და სურათების გარეშეც. ასევე მესამე ჩვენს მიერ შედგენილ ფოტო კოლაჟს ამ ნახატების თავიდან ჩასმის შემდეგ. დღემდე ეს უძვირფასესი კოლექცია ბაადურ ქობლიანიძის ოჯახის საკუთრება იყო. მან ინება, რომ დღეიდან ეს უძვირფასესი კოლექცია ეროვნული მემკვიდრეობა გამხდარიყო. დიდი მადლობა საქართველოს ეროვნულ არქივს, განსაკუთრებით მის ხელმძღვანელს-ქალბატონ თეონა იაშვილს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და მის ხელმძღვანელ დავით ლორთქიფანიძეს, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმს და მის ხელმძღვანელს ბატონ ლაშა ბაქრაძეს, საქართველოს ხელოვნების სასახლეს და მის ხელმძღვანელს ბატონ გიორგი კალანდიას, ბატონ ლუარსაბ ტოგონიძეს, ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და მათ ხელმძღვანელებს: ბატონებს ნიკა ანთიძეს და დავით ლომიტაშვილს, მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებით დიდი პატივისცემა უნდა გამოვხატო ჩემს უძვირფასეს მასწავლებელზე ქალბატონ მაია ციციშვილზე, რომელიც ვერ მოესწრო ამ დღეს. ეროვნულ ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ნათია კობახიძემ, რუსუდან სტურუამ, ჩემმა მეგობრებმა გიგი კობიაშვილმა, ჯაბა სამუშიამ კორონავირუსის პანდემიის დროს დიდი მხარდაჭერა გვაგრძნობინეს ამ კოლექციის აღწერის და შეძენის საქმეში. ასევე განსაკუთრებული მხარდაჭერა უნდა ითქვას ფონდი ქართუსაგან, რომელიც მზადაა ყოველთვის ბიბლიოთეკას დაუდგეს გვერდით.“

 

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმდიდრესი ფოტოარქივი კიდევ ერთი უნიკალური კოლექციით გაამდიდრა. 2800 უნიკალური ფოტო, რომელიც აქამდე ბაადურ ქობლიანიძის ოჯახის საკუთრება იყო, ახლა უკვე ეროვნული მემკვიდრეობა გახდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები