დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

The Times : ჩინეთი მთელ მსოფლიოზე დომინირებისათვის მზადაა 27.10.2020 12:28

ბრიტანულ გაზეთ „თაიმს“-ში («The Times») გამოქვეყნებულია ინტერვიუ გერმანიის დაზვერვის (BND) ექს-ხელმძღვანელის გერჰარდ შინდლერთან სათაურით „ჩინეთი მზადაა მთელ მსოფლიოზე დომინირებისათვის“, რომელშიც იგი ჩინეთის პერსპექტივაზე საუბრობს და ევროპას აფრთხილებს, რომ თავი შეიკავოს პეკინთან ფართო ურთიერთობისაგან


„ჩინეთი ახლოსაა მსოფლიოს [გაკონტროლების] მიზანს მიაღწიოს, რასაც პეკინი უკვე რამდენიმე წელია ცდილობს. ევროპამ უნდა გააცნობიეროს ის საფრთხე, რომლის წინაშეც ის სამომავლოდ აღმოჩნდება“, - ამბობს გერჰარდ შინდლერი. იგი თვლის, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარებისათვის გერმანია ახლავე უნდა მოემზადოს - „ბერლინმა თავი უნდა დაიხსნას პეკინზე დამოკიდებულებისაგან და ამ მიზნით აკრძალოს 5G-ის ქსელი, რომელიც ჩინურმა კომპანიამ Huawei-მ შეიმუშავა“. როგორც დაზვერვის ყოფილი შეფი აცხადებს, „ჩინური ტექნოლოგიები იმდენად წინ უსწრებს ევროპულს, რომ არავის აღარ შეუძლია დარწმუნებით თქვას - დაცულია თუ არა [ევროპული სახელმწიფოების] ქსელები ინფორმაციის გაჟონვისაგან ჩინეთის სასარგებლოდ“.

 


გერჰარდ შინდლერის აზრით, კიდევ ერთ საფრთხეს ევროპისათვის და კერძოდ, გერმანიისათვის ახალგაზრდა მუსლიმანების მოჭარბება წარმოადგენს: „თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ასი ათასობით ახალგაზრდა მუსლიმანის ინტეგრირებას, მაშინ ისე გამოვა, რომ ჩვენ თვითონ შევქმნით მათგან რადიკალიზმისა და ძალადობის პოტენციალს“, - აფრთხილებს ევროპელებს გერმანიის სპეცსამსახურის ექს-ხელმძღვანელი.
დაზვერვის ყოფილი შეფი შედარებით უფრო მშვიდად უყურებს რუსეთს და ფიქრობს, რომ გერმანიამ მომავალშიც უნდა განავითაროს კულტურული და ეკონომიკური კავშირები მოსკოვთან და ითანამშრომლოს კრემლთან ლიბიისა და სირიის საკითხებში.

 


ამასთან ერთად, გერჰარდ შინდლერი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის მოწამვლაში „მოსკოვის ხელი“ შეინიშნება: „საჭიროა რუსეთთან დამოკიდებულებაში მკაფიო პოზიცია დავიკავოთ. ასეთ მიდგომებს რუსები უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ეკონომიკურ კავშირებზე. კერძოდ, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ გერმანიისთვის აუცილებელია“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.thetimes.co.uk/edition/world/europe-must-wake-up-to-china-threat-warns-ex-spy-chief-gerhard-schindler-7v8z7x69t

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები