13:06 05.05.2016
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ცუკატები სახლის პირობებში

ცუკატის დამზადება შესაძლებელია ნებისმიერი ხილით - ვაშლიდან და მსხლიდან დაწყებული, ფორთოხლის, ნესვისა და საზამთროს კანით დამთავრებული. ცუკატები ზოგიერთი ბოსტნეულით, მაგალითად, კიტრისა და ჭარხლისგანაც მზადდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხილი იყოს ოდნავ მაგარი, ანუ არა - გადამწიფებული.


ხილის დამუშავება
ხილი საგულდაგულოდ გარეცხეთ. ამის შემდეგ, მოაცილეთ კურკები და დაჭერით პატარა ნაჭრებად. გაითვალისწინეთ, რომ, რაც უფრო წვრილად დაჭრით, მით უფრო კარგად გაუჯდება თითოეულ ნაჭერს სიროფი და უკეთ გაშრება. 
ამის შემდეგ საჭიროა ხილის ბლანშირება - მდუღარე წყლით დამუშავება. ხარშვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ხილის რბილობის სიმკვრივეზე. მაგალითად: ატამსა და გარგარს 3 წუთი ხარშავენ, მსხალსა და კომშს - 5 წუთი, ციტრუსების კანს - 7 წუთი, კვახსა და სტაფილოს - 10 წუთი. ნესვსა და საზამთროს წინასწარ ხარშვა არ სჭირდება. 
მოხარშული ხილის ნაჭრები თუშფალანგზე გადმოიტანეთ და 2 საათით დააყოვნეთ, რომ წყლისგან დაიცალოს.
ოდნავ განსხვავებულია ფორთოხლისა და ლიმონის ცუკატების დამზადების წესი, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.


სიროფის დამზადება
ცუკატის დასამზადებლად შაქრის სიროფის კონცენტრაცია დამოკიდებულია იმაზე, რომელი ხილისგან ვამზადებთ. ტკბილი ხილისთვის აკეთებენ 65%-იან სიროფს (1 ლ. წყალზე 650 გ. შაქარი), შედარებით მჟავეს კი 70%-იანი სჭირდება (1 ლ. წყალზე 700 გრ. შაქარი). 
სიროფი 10 წუთის განმავლობაში უნდა ადუღოთ. მის კონსისტენციაზეა დამოკიდებული ცუკატების ხარისხი. მაგალითად, მეტისმეტად სქელი სიროფი ხილის ნაჭრებს არბილებს და ელასტიკურობას უკარგავს. თხელი კონსისტენციის სიროფი კი ხილს დაშაქრების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ შესაძლოა, ცუკატები მალე გაფუჭდეს.


ცუკატების მომზადება
გამზადებული ხილის ნაჭრები სიროფში ჩაუშვით და 15 წუთი ადუღეთ. ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და 12 საათის განმავლობაში გააჩერეთ. 
ეს პროცედურა სამჯერ უნდა გაიმეოროთ. 
შესაძლოა, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისთვის ხარშვის ხანგრძლივობა სხვადასხვა იყოს. ყველაფერი ხილის სიმკვრივეზეა დამოკიდებული. 
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ხილი მეტისმეტად მწიფეა? ამის მიუხედავად, ნუ შეამცირებთ სიროფში ხარშვის დროს. ხარშვებს შორის პერიოდი, ანუ ნაყოფის სიროფში ყოფნის დრო 6-8 საათი უნდა იყოს. 
ხარშვას ვასრულებთ მაშინ, როცა ნაყოფი გამჭვირვალე ფერს იღებს, მაგრამ არამც და არამც არ უნდა დაიწყოს ჩაშლა.

ცუკატების შრობა
სიროფში ხარშვის შემდეგ აუცილებელია ცუკატების კარგად გამოშრობა. გადმოიტანეთ ხილის ნაჭრები თუშფალანგზე და 6 საათის განმავლობაში ასე დატოვეთ, რათა სითხისგან მთლიანად დაიცალოს. 
შემდეგ გადაიტანეთ ხის ფიცარზე და 3-4 დღე გააჩერეთ, თან პერიოდულად ურიეთ, რომ თანაბრად გაშრეს. 
ზოგიერთი დიასახლისი ცუკატებს ოდნავ კარშეღებულ ჰაერღუმელში 40 გრადუსზე  აშრობს, თუმცა სუფთა ჰაერზე (სასურველია ორპირში) გამომშრალი გაცილებით ხასხასა ფერისა და უკეთესი გემოსია. 
მზა ცუკატებს შეგიძლიათ, მოაფრქვიოთ შაქრის პუდრაში შერეული ვანილი. ცუკატებმა რომ სირბილე და ელასტიკურობა დიდხანს შეინარჩუნოს, მზა ცუკატებს მინის ქილებში ათავსებენ და მჭიდროდ აფარებენ პერგამენტის ქაღალდს ან ტენგაუმტარ თავსახურს. ქილებს კი ბნელ, მშრალ და გრილ ადგილას ინახავენ. 


ოდნავ განსხვავებულად მზადდება ფორთოხლის კანის ცუკატი
ფორთოხლის ცუკატების მოსამზადებლად 1კგ. ფორთოხლის ქერქისთვის 1.400კგ. შაქრისა და 3 ჭიქა წლისგან დამზადებულ სეროფს იყენებენ. ფორთოხლის ქერქებს მოაცილეთ თეთრი ნაწილი და 3 დღის განმავლობაში ცივ წყალში ჩაალბეთ.  დილა-საღამოს წყალი უნდა უცვალოთ, რომ კანს სიმწარე გაუვიდეს.  
შემდეგ  20-25 წუთით წამოადუღეთ, გადაწურეთ და წვრილ ნაჭრებად დაჭერით. კანის ნაჭრები მდუღარე სიროფში ჩაყარეთ და 5-10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. ამის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და გააცივეთ. 
6 საათის შემდეგ ისევ 10 წუთით წამოადუღეთ და ასე გაიმეორეთ ოთხჯერ - 10-12-საათიანი ინტერვალით. 
თანდათან, ქერქებზე შაქარი დაკრისტალდება და გაშრება. 
ბოლო წამოდუღების შემდეგ ფორთოხლის კანი ხის დაფაზე გადაიტანეთ და გააშრეთ. შეინახეთ იმავე მეთოდით, როგორც სხვა ხილის ცუკატები.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge